logo
ENG



ეტალონი: საჯარო სკოლებში მშობლებს "განსაკუთრებული კატეგორიის" მონაცემებზე წვდომას სთხოვენ

22 მაი 202420:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/hr750w0etehqe7h.jpg

გამოცემა ეტალონი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილს გადაეცათ დოკუმენტი, რომლითაც "განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების" დამუშავებაზე სთხოვენ ნებართვას.

დოკუმენტი ბიომეტრიული მონაცემების გარდა, ითხოვს მშობლისა და შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, ასევე, სოციალურ მახასიათებლებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს. 

დოკუმენტი, რომელიც მშობლებს ხელმოსაწერად გადაეცათ, ნათქვამია, რომ სკოლა, მოსწავლის კანონიერი მიზნებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, პერსონალური მონაცემები განათლების სამინისტროს გადასცეს.

დოკუმენტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"თანახმა ვარ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის სკოლამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლებში დაამუშავოს ჩემი და ჩემი შვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახის გამოსახულება) ასევე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი (ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), აგრეთვე სოციალური მახასიათებელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ასევე, თანახმა ვარ, სკოლამ პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მომაწოდოს სკოლის მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზების შესახებ.

სკოლა უფლებამოსილია სასწავლო მიზნების ფარგლებში მოახდინოს მონაცემთა შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახცვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოივა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება,

სკოლა, ასევე უფლებამოსილია, ჩემი შვილის კანონიერი მიზნებიდან გამომდინარე გადასცეს პერსონალური მონაცემები საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

თავის მხრივ, სკოლა იღებს ვალდებულებას, რომ არ დაუშვებს ჩემი და ჩემი შვილის პერსონალური მონაცემების სხვა მიზნით დამუშავებას, გარდა პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და აღნიშნული მონაცემების დასაცავად მიიღებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სათანადოდ დაცვას.

ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ უფლება მაქვს, მივიღო ინფორმაცია ჩემი და ჩემი შვილის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოვითხოვო მცდარი, არაზუსტი, ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, ასევე, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, სკოლა იღებს ვალდებულებას მონაცემთა დამუშავების შეწყვეტაზე ან/და წაშლა-განადგურებაზე. აგრეთვე, უფლება მაქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების ან/და დასაბუთების გარეშე წერილობით გამოვიხმო წინამდებარე თანხმობა.

ასევე, სკოლა ვალდებულია, შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება ჩემი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 დღისა".

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-6 მუხლით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აკრძალულია, თუმცა ამ მუხლს გამონაკლისად დაემატა ის, რომ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია წერილობითი თანხმობით, იმ შემთხვევაში, თუ: 

"მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის − ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს (უწყებებს) შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 84-ე მუხლის 2​1  ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში". 

ფორმულა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და პასუხს ელოდება. 

 

close დახურვა